თამაზ ახობაძემ ის თანამდებობა დატოვა, რომელზე აღდგენასაც 5 წელი ითხოვდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ, რომელიც 5 წლის განმავლობაში ითხოვდა სამსახურში აღდგენას, საიდანაც მისი მტკიცებით და სასამართლოს განაჩენის თანახმად უკანონოდ იყო გათავისუფლებული, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ის თანამდებობა, რომელზეც 1 მარტს დანიშნეს იუსტიციის სამინსიტროს სსიპ-ში.

სამსახურში აღდგენას წინ უძღოდა სამართლებრივი ბრძოლა, მოგებული სასამართლო პროცესები და ბოლოს შიმშილობის აქცია იუსტიციის სამინისტროსთან.

"ამ დავის დაწყების დღიდან, ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა, იმისათვის რომ ჩემი ბრძოლა სამაგალითო იყოს სხვა საჯარო მოხელეებისთვის, იმისათვის რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მოექცეს საჯარო მოხელეს ისე, როგორც მე მომექცა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი.

იქიდან გამომდინარე, რომ ხუთწლიანი დავის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩემი მიზანი შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს, მე 14 მარტს მივმართე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება ხუთშაბათს, 21 მარტს, იქნა დამკაყოფილებული და დღეიდან მე აღარ ვარ დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი." - წერს თამაზ ახობაზე Facebook-ზე და არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყოს.

"ქალბატონმა თეა წულუკიანმა 20 მარტს პარლამენტში გამოსვლისას, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია (თითქოს მე ფულზე ვვაჭრობდი - ვიძახდი აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და თითქოს მე ვარ ვინმეს პარტიული აქტივი). მე, თამაზ ახობაძე, ვიწყებ იურისტებთან კონსულტაციების გავლას, რის შემდეგაც არ გამოვრიცხავ მოვამზადო სარჩელი ქალბატონი თეა წულუკიანის წინააღმდეგ ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო." - წერს იგი.

თამაზ ახობაძე სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო ანა სუბელიანთან ერთად იბრძოდა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დატანხმდაა კომპენსაციის მიღებას და უარი თქვა სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე.