თეთრმა სახლმა კონგრესმენებს უარი უთხრა ინფორმაციაზე ტრამპისა და პუტინის კერძო საუბრების შესახებ

ჰელსინკი, 2018 წლის 16 ივლისი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

თეთრმა სახლმა უარი უთხრა კონგრესის სამ კომიტეტს, რომელიც მოითხოვს ინფორმაციას ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების კერძო საუბრების შესახებ. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ეს შეხვედრა შარშან ზაფხულში გაიმართა.

თეთრი სახლის იურისტმა პეტ ჩიპოლონემ 21 მარტს წერილობით უპასუხა წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის დემოკრატ თავმჯდომარეებს. ჩიპოლონეს განმარტებით, უცხოელ ლიდერებთან საუბრისას, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ საუბრის შინაარსი გამჟღავნდება.

სამმა კომიტეტმა მიმდინარე თვეში მოითხოვა ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის ტელეფონით და პირადად შეხვედრისას გამართული საუბრების შესახებ. კომიტეტებმა მოითხოვეს აგრეთვე გასაუბრება თარჯიმანთან, რომელიც ესწრებოდა ორი პრეზიდენტის შეხვედრებს.

ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, დემოკრატები უფრო აქტიურად შეუდგნენ ტრამპის ქმედებების გამოძიებას.