დონალდ ტრამპი: საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება. ამის შესახებ მან ტვიტერით დაწერა.

„52 წლის შემდეგ მოვიდა დრო, რომ აშშ-მა აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სოცქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ამ წინადადებისთვის და, ამასთან, ირანს ბრალი დასდო, რომ ის სირიის მეშვეობით ცდილობს მისი ქვეყნის „განადგურებას“.

გოლანის მაღლობები არის ისრაელსა და სირიას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის კონტროლქვეშ გადავიდა. სირია და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობენ გოლანზე ისრაელის სუვერენიტეტს. გოლანის მაღლობების მიმართულებით პერიოდულად ისვრიან სირიის მხრიდან, რასაც ისრაელი დარტყმებით სცემს პასუხს. უკანასკნელი ინციდენტი 2019 წლის იანვარში მოხდა.