საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე ერგნეთში მსჯელობენ

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 92-ე შეხვედრა. დღის წესრიგში 11 საკითხია.

შეხვედრის დაწყებამდე თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს. საუბარი ისევ იქნება ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გარდაცვალების დღემდე გაურკვეველ გარემოებებზეც.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დღის წესრიგშია წინა, 8 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები, მათ შორის მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების ფაქტები და ე.წ. ბორდერიზაცია.