ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ

ელმავალმშენებელ ქარხანასთან გრძელდება დასაქმებულების და პროფკავშირების საპროტესტო აქცია. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ პირობის შესრულებას და 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

ქარხნის თანამშრომლები და პროფკავშირები უკვე რამდენიმე კვირაა აქციებს პერიოდულად მართავენ, თუმცა, ბოლო ორი დღეა აქცია 24-საათიანი რეჟიმით მომდინარეობს.

5 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულებს წაუკითხა სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ უცხოელი მეპატრონის, კომპანია „logo Trans Company LTD“-ისგან მიღებული წერილი, რომლის თანახმად, სახელფასო დავალიანების დაფარვა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო.

პირობის შეუსრულებლობის გამო, ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქცია 19 მარტიდან განაახლეს და საწარმოს შესასვლელი დაბლოკეს.

ელმავალმშენებელში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარია.

ქარხნის ადმინისტრაცია დავალიანების მიზეზად ასახელებს მცირე მოცულობის შეკვეთებს და უცხოელი კონტრაქტორის დავალიანებას.