პარტია „გირჩი“ მთაწმინდის მაჟორიტარად ჰერმან საბოს წარადგენს

პარტია „გირჩს“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში.

„გირჩს“ შუალედურ არჩევნებში წარადგენს პარტიის წევრი, 30 წლის ჰერმან საბო.

„ჯერჯერობით რეგისტრაცია დაწყებული არ არის და ამიტომ კანდიდატად ჯერ არ ვარ ოფიციალურად რეგისტრირებული, თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჰერმან საბომ.

მთაწმინდა მაჟორიტარ კანდიდატს ამ მოწვევის პარლამენტში მეორედ აირჩევს. პირველი მაჟორიტარი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის სურვილი ამ დრომდე რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არიან, სოფიო ხორგუანი, უფლებადამცველი და ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე; გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი; კობა დავითაშვილი, ყოფილი დეპუტატი.

დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძეც.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 20 მარტის სხდომაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარების ზუსტ თარიღზე. ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, არჩევნები 2019 წლის 19 მაისს უნდა გაიმართოს.