თურქეთმა განმეორებით განაცხადა, რომ ის და ირანი ერთობლივ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ, თუმცა ირანის ნაწილობრივ ოფიციალური მედია ქვეყნის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისინი ოპერაციაში არ მონაწილეობენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 18 მარტს განაცხადა, რომ ოპერაცია მიმართულია გასამხედროებული ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ და დასძინა, რომ მსგავსი ოპერაცია პირველად ტარდება და განხორციელდება სხვა ოპერაციებიც. „თურქეთის არმიამ ოპერაცია განახორციელა ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ, მაგრამ ირანის შეიარაღებული ძალები არ მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში“, იუწყება სააგენტო ფარსი. ამავე დროს ფარსი იმოწმებს ირანის სამხედრო წყაროს, რომლის თანახმად, „ირანის შეიარაღებული ძალები მკაცრ პასუხს გასცემს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არეულობის წარმოქმნას ცდილობს“. წარსულში ირანის შეიარაღებულ ძალებს შეტაკებები ჰქონდა ქურთ სეპარატისტებთან ქვეყნის ჩრდილოეთში.