ხურვალეთთან სიმშვიდეა. ქეთევან ციხელაშვილი დამატებით განმარტებას აკეთებს

ამ წუთებში ხურვალეთთან, სადაც შუადღისას გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ, სიმშვიდეა. სოფლის შესასვლელთან მხოლოდ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი რჩება. საგუშაგოსთან პოლიცია დგას.

ხურვალეთში განვითარებული მოვლენების თაობაზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღის ბოლოს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ რუსი ჯარისკაცები, ქართული მხარის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. და მათ არ გადმოუკვეთავთ საოკუპაციო ხაზი.

„გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს, ამიტომ ის განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა, რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას“ - განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას არ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია. ისედაც რთულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, თავი შეიკავონ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხს:

"როგორც პოლიტიკოსები არიან ვალდებულნი, რომ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ თავიდან იქნას არიდებული ნებისმიერი პროვოკაცია, ისე ნებისმიერი მოქალაქე და მითუფრო ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აქტივისტები და აქტიური მოქალაქეები არიან. იქნებ აღვიჭურვოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ ქვეყანას ვაკმაროთ რა უბედურებებიც გადაგვხდა თავს. დღეს სამების ეზოდან გესაუბრებით, სადაც გადმოსვენებული არის შეიარაღებული კონფლიქტის 12 მსხვერპლი, რომელიც 26 წელი დაკარგულად ითვლებოდა. აღარ გვინდა ჩვენ დაღუპული ახალგაზრდები, ქალები, მამაკაცები და ბავშვები. აღარ გვინდა, აღარ დავუშვებთ ომს. მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.