რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, გოგა აფციაურის ცნობით, ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა ხურვალეთში საგუშაგო კოშკამდე მისულიყვნენ. პოლიციამ მედიის წარმომადგენლები, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ამ ადგილიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით დააყენეს, სადაც მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აღარ უნახავთ.
ჟურნალისტებს ადგილზე დახვდათ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძეც, რომლის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან რაიმე ტიპის ინციდენტი არ მომხდარა და რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს არ გადმოუკვეთავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.
„ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები.. ადგილზეა ევროკაშირის სადამკვირებლო მისია.ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. ვმუშაობთ, რათა დაინიშნოს ტექნიკური შეხვედრა, რომელიც მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს“, - უთხრა ანთაძემ ჟურნალისტებს.
გოგა აფციაურის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ხურვალეთში არავინ დაუნახავს, თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი ქალის სიტყვებით, რუსი სამხედროები ბიჭებმა შენიშნეს. მოგვიანებით მან ეს ინფორმაციაც უარყო.
შუადღისას გავრცელებულ ინფორმაციას იმეორებდა მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია, ვინც პირველმა გაავრცელა ხურვალეთში რუსი სამხედროების გამოჩენის ცნობა და აცხადებდა, რომ ბატონისაშვილების ბაღში, საგუშაგოდან 5-10 მეტრში, ნიღბიანი და შეიარაღებული პირები იყვნენ შემოსულები.
Your browser doesn’t support HTML5
გოგა აფციაურის ცნობით, დღის განმავლობაში ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, შესაძლოა, იმის გამოც გავრცელდა, რომ მედიას ორი საათის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ, და ეს მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ხედავდნენ პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზებას.
ხურვალეთის შესასვლელში ამ დრომდე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები და იქ კვლავაც დგას პოლიცია.