გორში წისქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ

გორის წისქვილკომბინატ "კარმენის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. 14 მარტს დაწყებული პროცესის თავდაპირველი მოთხოვნა იყო ხელფასების მომატება. 15 მარტს აქციის მონაწილეებმა კიდევ ორი მოთხოვნა წამოაყენეს: დირექტორის გადადგომა და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება.

„გაფიცვაში მონაწილეობის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. პროფკავშირებში რომ ვარ და აქ ვდგავარ, მაგიტომ. არ უნდა იყოს ზეწოლა და შრომის უფლებები უნდა დაიცვან“, - უთხრა ლაშა მთვარელიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს აგრარული მეურნეობის პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაფიცვა დაიწყო, 14 მარტს, წისქვილკომბინატ "კარმენის“ დირექტორმა გაათავისუფლა 8 ადამიანი, ხოლო 13 ადამიანს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

წისქვილკომბინატ "კარმენის" თანამშრომლების განცხადებით, უკვე შვიდი წელია, რაც ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ.