ბრძოლა ცისთვის: „ჯორჯიან ეარვეისი" "ტავ ჯორჯიას" წინააღმდეგ

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) აეროპორტების მმართველ თურქულ კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ (TAV Urban Georgia) ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს. "ტავ ურბან ჯორჯია" თურქული კომპანიაა, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.

„ისინი არიან ძალიან გათავხედებული საქართველოში და ამის საშუალებას აძლევს ჩვენი მთავრობა, რომ ისინი იყვნენ ასე შეუვალნი“- ამბობს თამაზ გაიაშვილი, „ჯეორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

გაიაშვილის თქმით, „ტავ ჯორჯიასთან“ მათი 14-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში მათთვის მოსაკრებელის ოდენობა მიუღებელი იყო, თუმცა წლების განმავლობაში კრედიტების საშუალებით იხდიდნენ. დღეს კი კომპანიას გადახდის საშუალება არა აქვთ. 9 მილიონი ლარი, რომლის გადახდასაც „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანიისგან ითხოვს, თამაზ გაიაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა.

„კაბალური გადასახადების“ გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეტენზიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ავიაკომპანიების მომსახურებისთვის განკუთვნილ ტექნიკასაც შეეხება.

თამაზ გაიაშვილი საქართველოს წინა მთავრობასა და „ტავ ურბან ჯორჯიას“ შორის დადებულ ხელშეკრულებას კრიმინალურს უწოდებს და მის გასაჯაროებას ითხოვს. მისივე თქმით, „ტავ ურბან ჯორჯია“ ამ ხელშეკრულებით აპელირებს და თავის მონოპოლისტურ მდგომარეობას ამართლებს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ითხოვს სამთავრობო კომისიის შექმნას, რომელიც „ტავ ჯორჯიას“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შეისწავლის. თუ „ტავ ურბან ჯორჯიასა“ და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, „ჯორჯიან ეარვეისი“ პრობლემის გადასაჭრელად სამართლებრივ გზებს მიმართავს.

ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს მთავრობის მისამართით „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, იგეგმება საკითხის ღრმად შესწავლა.

7 მარტს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია“ მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და მისგან არარეალური ვალების დაფარვას ითხოვს.

11 მარტს „ტავ ჯორჯიამ“ ავიაკომპანიის ბრალდებებს განცხადებითვე უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ შეთავაზებული გადახდის გრაფიკის დაწესების მიუხედავად, ავიაკომპანია უარს ამბობს ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. აქვე ნათქვამია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ არაერთი პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობდა.

თუ ავიაკომპანია ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს არ შეასრულებს, „ტავ ჯორჯია“ მისთვის აეროპორტის სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვას გეგმავს.