გურჯაანის სასამართლო დავით კირკიტაძის საქმის განხილვას განაგრძობს

პოლიცია გურჯაანის სასამართლოსთან

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის საქმის განხილვა.

სასამართლოს შენობასთან, სადაც პარტიის მხარდამჭრები იმყოფებიან, პოლიციელთა სიმრავლეა.

წინა სხდომაზე, რომელიც 25 თებერვალს გაიმართა, ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა სასამართლოს მიმართა კირკიტაძის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობით და წარმოადგინა 15 ათასამდე მოქალაქის და პარლამენტის 27 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილები.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ პირები, რომლებიც დავით კირკიტაძეს თავდებად უდგებიან. სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრებიან დეპუტატები და სხვა პირები, რომლებმაც ხელი მოაწერეს თავდების წერილს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს ბრალად ედება 2018 წლის 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება. მსგავსი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ კირკიტაძეს მიიჩნევს ივანიშვილის პირად, პოლიტიკურ პატიმრად.