ხაზარაძე: ფოთში ახალი პორტის გაპიარება პირდაპირი დარტყმაა ანაკლიაზე

მამუკა ხაზარაძე

„თიბისის“ თანადამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ფოთის პორტში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

„კვირის პალიტრის“ შეკითხვას, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანების საკითხის წინ წამოწევა დამთხვევაა, თუ კონკრეტული მიზანი აქვს, ხაზარაძემ უპასუხა, რომ „ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს.“

„თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50 მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა. ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციას“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ხაზარაძის ინფორმაციით, ბანკების წარმომადგენლებმა ხელისუფლებისგან პირდაპირ მოითხოვეს მკაფიო განმარტება ფოთის პორტის შესახებ.

„არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა” - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.