საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი.
არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირება აჩენს საფუძვლიან ეჭვს ინსპექტირების მექანიზმის საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოყენების თაობაზე. ამ ვარაუდს საფუძვლად უდევს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები:
- ინსპექტირება პირველ და მეორე ტურებს შორის - საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში1 ჩაატარა ინსპექტირება. მნიშვნელოვანია, რომ 7 ინსპექტირების შემთხვევიდან 6, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს.
- წუთებში ჩატეული ფორმალური წარმოება - მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება.
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომებთან (დარღვევებთან) დაკავშირებით განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2018 წლის 8 ნოემბერს, 13:34 საათზე. აღნიშნულის შემდეგ, განცხადება:
* 13:36 საათზე დაეწერა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს,
* 13:38 საათზე ინსპექტირების სამსახურს,
* 13:42 საათზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს/ანალიტიკოსს,
* 13:42 საათზე ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტს,
* განცხადების საფუძველზე მომზადებული მოხსენებითი ბარათი სისტემაში აიტვირთა ამავე დღის 14:35 საათზე, რომელიც განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს დაეწერა 14:42 საათზე.
* ინსპექტირების ჩატარების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოიცა იმავე დღის 18:00 საათზე.
საია თვლის, რომ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა. კერძოდ, მთელ რიგ შემთხვევებში (წინანდლის საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა) განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლის დირექტორთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესულ განცხადებებზე რეაგირებისას, სამინისტრო განმცხადებლისგან ითხოვს კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციის (დარღვევის ფაქტი, დამრღვევი პირი, დარღვევის პერიოდი და შესაძლო მტკიცებულებები) მიწოდებას. რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება.