“კუდიანი”: უძველესი შიშის ისტორია

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

"კუდიანი": უძველესი შიშის ისტორია

ქალი, მხარზე შავი კატით, წაწვეტებული ქუდით ან თავსაფრით, რომელიც ცოცხზე გადამჯდარი მიფრინავს სადღაც - ამ სახეს ყველა ბავშვობიდან ვიცნობთ, ზღაპრებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან, წიგნებიდან თუ ფილმებიდან. „კუდიანი“, „ჯადოქარი“, ასევე მისი სლავური ვარიაცია, „ბაბა იაგა“, საქართველოს კულტურულ კონტექსტისთვის ნაცნობი ფიგურაა.

ისევე, როგორც თითქმის ყველა კულტურული კონტექსტისთვის მსოფლიოში - გარდა რამდენიმე იშვიათი გამონაკლისისა. “კუდიანის“, „ჯადოქრის“ სახე, თუ არქეტიპი, ადამიანის ცნობიერებას ათასწლეულებია თან დასდევს: ისტორიის დასამაბიდან - დღემდე, კონტინენტიდან - კონტინენტამდე, საუკუნიდან - საუკუნემდე. „კუდიანის“ სახე ერთდროულად უნივერსალურია და თან ძალიან განსხვავებული; მსოფლიოში არის ადგილები, სადაც ჯადოქრობის და კუდიანობის ბრალდებით ადამიანებს დღესაც უმოწყალოდ ხოცავენ. დასავლეთიც, რომელიც ახლა ცივილიზაციის ხარისხით და სამეცნიერო აზრის განვითარებით ამაყობს, სულ რამდენიმე ასწლეულის წინ მოცული იყო კუდიანებზე ნადირობის მასობრივი ისტერიით - რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ცოცხლად დაწვის, ჩამოხრჩობის, სასტიკი წამების გზით. სხვა რეგიონებთან შედარებისას, ევროპას ორი ფაქტორი გამოარჩევს - „კუდიანები“ მხოლოდ ევროპაში გადააქციეს დამკვიდრებულ რელიგიასთან დაპირისპირებულ ძალად; და მხოლოდ ევროპაში ცხოვრობენ ხალხები, რომლებსაც უწინ კუდიანების ეშინოდათ, მაგრამ შემდეგ ეს რწმენა ოფიციალურად აღკვეთეს.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

დღეს „კუდიანის“ არქეტიპს უნივერსიტეტებში იკვლევენ და მის შესახებ კამათობენ ისტორიკოსები, კულტუროლოგები, ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები. იურისტებიც - რადგან, მაგალითად, მასაჩუსეტსის დასახლება სეილემში, 1692 და 1693 წლებში გამართული სასამართლო პროცესები, რომლის დროსაც კუდიანობის ბრალდებით 200-ზე მეტი ადამიანი გაასამართლეს და 19 ჩამოახრჩვეს, მაშინდელი კანონების შესაბამისად ჩატარდა.

თავის დროზე, განმანათლებლობის პერიოდის მოაზროვნეებს „კუდიანის“ სახემ და კუდიანებზე ნადირობის ისტორიამ მსუყე მასალა მისცა კათოლიციზმის ცრურწმენების და რელიგიური ტირანიის კრიტიკისთვის; თანამედროვე ფემინისტები კი ამ პროცესებს უწინარესად გენდერულ ჭრილში განიხილავენ და „კუდიანს“ აღიქვამენ დამოუკიდებელ, დაუმორჩილებელ ქალად, ან ქალების ჯგუფად, რომელიც სასტიკად, ულმობლად დასაჯა პატრიარქალური კულტურის წესრიგმა.

მოკლედ, „კუდიანის“ არქეტიპის, თუ კუდიანებზე ნადირობის ისტორიის შესახებ მსჯელობაში ხშირად მთავარი ის არის ხოლმე, თუ ვინ მსჯელობს მათ შესახებ, და რომელი პერსპექტივიდან აანალიზებს ამ იდუმალებით მოცულ ამბებს. და ყველა ამ ანალიტიკურ ჩარჩოს თავისი სიმართლე აქვს.

და მაინც, საიდან იღებს სათავეს კუდიანების არსებობის რწმენა? რატომ რჩება ეს არქეტიპი ადამიანთა წარმოსახვაში, დროის და კულტურული კონტექსტების ცვლილების მიუხედავად? როდის და რატომ გადაიზარდა ჯადოსნური, გრძნეული უნარებით აღჭურვილი ქალის, თუ ქალღმერთის არქაული სახე ზიანის მომტანი, ბოროტი და შიშის აღმძრავი „კუდიანის“ არქეტიპში?

პოდკასტის დღევანდელ გამოშვებას სამი სტუმარი ჰყავს.

პროფესორი რონალდ ჰატონი

რონალდ ჰატონი - კერპთაყვანისმცემლობის და ჯადოქრობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი, ბრიტანელი ისტორიკოსი, ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი - გვიყვება „კუდიანის“ არქეტიპის უნივერსალურ, გლობალურ მახასიათებლებზე და იმაზე, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა „კუდიანებზე ნადირობის“ მასობრივი ისტერია ევროპაში. „ადამიანებს, ზოგადად, ძალიან უჭირთ იდუმალ ცუდ იღბალთან გამკლავება. მათ არანაირად, არანაირად არ სურთ დაიჯერონ, რომ საქმე შეიძლება უბრალოდ ცუდად წავიდეს ინდივიდისთვის, ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე. და ამიტომაც, მთელს მსოფლიოში ადამიანები სხვადასხვა ახსნას უძებნიან ცუდ მოვლენებს. ერთ-ერთი პოპულარული ახსნაა განრისხებული აჩრდილები - წინაპართა სულები; მეორეა განრისხებული კერპები - რადგან რაღაც საკრალური დაარღვიე, ან ისინი ამა თუ იმ მიზეზით გააბრაზე. კიდევ არის მიწის განრისხებული სულები - ფერიები, ჯუჯები, თუ ელფები, მათი ვარიაცია პრაქტიკულად ყველა კულტურაში გვხვდება. მაგრამ ადამიანთა საზოგადოებები ცუდ იღბალს ყველაზე ადვილად ერთმანეთს მიაწერენ ხოლმე. მათ სურთ სწამდეთ, რომ არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც მაგიას იყენებენ სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად, და ამის კეთება სიამოვნებას ანიჭებთ. სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელსაც „კუდიანის“ სახე ეყრდნობა“ - გვეუბნება პროფესორი ჰატონი.

კეთრინ ჰოუ

კეთრინ ჰოუ - ამერიკელი ისტორიკოსი და ისტორიული მხატვრული ლიტერატურის ავტორი - მოგვითხრობს სეილემის შესახებ: „ბევრი ქალი, რომელიც მაშინ კუდიანობაში დაადანაშაულეს, სიკვდილს შეხვდა თავისი უდანაშაულობის ჯიუტი და ხმამაღალი დეკლარირებით და ასევე თავისი პოზიციის სისწორის ხაზგასმით. ქალი, რომელიც თავს მანამდე მათხოვრობით ირჩენდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაადანაშაულეს, სარა გუდი, სახრჩობელაზე იდგა, როცა დაიყვირა - როგორც თქვენ არ ხართ ჯადოქრები, ისე მე არ ვარ კუდიანი და სიცოცხლეს თუ წამართმევთ, ღმერთი სისხლს დაგალევინებთო. მისი ეს სიტყვები ხშირად მახსენდება ხოლმე. ჩემი სიცოცხლის ბოლო წამები რომ იყოს, და ბრალი რომ მედებოდეს რაღაცაში, რაც არ ჩამიდენია, არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებდი ჩემი პოზიციის, პერსპექტივის, ჩემი სისწორის ასე მედგრად და ხმამაღლა დაცვას. დღეს ამერიკაში გვიდგას მომენტი, რომელშიც ქალები მართლაც პოულობენ გზებს თავიანთი პოზიციის სისწორის დასაცავად. და ეს ძალიან ამაღელვებელია“.

კრისტინ სოლეი

კრისტინ სოლეი - ნიუ-იორკში განთავსებული უნივერსიტეტის, ნიუ სქულის პროფესორი, რომელიც თავს ფემინიზმის მეოთხე, ინტერნეტის ციფრულ ეპოქაში მიმდინარე ტალღას აკუთვნებს, გვიხსნის, რატომ ხედავენ ახალი თაობის ფემინისტები „კუდიანის“ სახეში შთაგონების წყაროს. “ჩვენ იმ კუდიანების შვილიშვილები ვართ, რომლებიც ვერ დაწვით“ - ასეთი წარწერა ამშვენებდა დიდ ბანერს შეერთებულ შტატებში 2017 წელს ჩატარებული, ქალების მასობრივი მსვლელობის დროს. ფემინისტებისთვის ეს ცნება, თუ არქეტიპი ქალთმოძულეობის მოწამეობრივი ისტორიის სიმბოლოა. მართალია, კუდიანებზე ნადირობა, როგორც ასეთი, აღარ ხდება, მაგრამ ქალების და მათი სხეულების კონტროლი, პატრიარქალური ჩარჩოებიდან გასვლის აღკვეთის ვნება და ქალების ნეგატიური ეპითეტებით სახელდება საზოგადოებებში დღესაც გრძელდებაო, გვეუბნება კრისტინ სოლეი.

"კუდიანი", როგორც არქეტიპი, რჩება ადამიანების დევნის, ფანატიზმის, პარანოიის და მასობრივი ისტერიის სიმბოლოდ - მოვლენების, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებებში კვლავაც იჩენს თავს, ამა თუ იმ წარმოსახვითი მტრის წინააღმდეგ. და, ამავე დროს, ბევრისათვის „კუდიანის“ არქეტიპი არის სიმბოლო იმ შიშების, სიძულვილის, შფოთვის, კონტროლის და დამორჩილების ვნებისა, რომელსაც კვლავაც აღძრავს ქალის დამოუკიდებელი, ავტონომიური, თავისთავადი ძალაუფლება.