შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის და სროლის დროს არავინ დაშავებულა

თბილისში, გლდანში, „საქართველოს ბანკს“ თავს დაესხნენ, რასაც სროლა მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს. არის ეჭვი, რომ მათ თან მძევალიც წაიყვანეს. ჯერჯერობით შსს ინფორმაცის არ ფლობს მართლაც ჰყავთ თუ არა აყვანილი მძევალი თავდამსხმელებს.

თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.