გიორგი ქადაგიძე: გამოკითხვამ დაადასტურა, რომ გამოძიებას რეგულატორთან კითხვები არ აქვს

„გამოძიებას ჩემთან ჰქონდა ორი კითხვა: რა ფუნქციები ჰქონდა 2008 წელს ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც იმ პერიოდში ვხელმძღვანელობდი. მეორე კითხვა კი ეხებოდა „თიბისი“ ბანკის 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და იმას, მახსოვს თუ არა შემოწმების ეს აქტი“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე, რომლის გამოკითხვაც 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი“ ბანკის საქმის ფარგლებში ჩატარდა.

2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტში, რომელსაც მე დღეს გავეცანი, განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ გარემოებას. რა ტრანზაქციაზეა ლაპარაკი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, რა მოხდა ამ საკითხის ირგვლივ, საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა. ამიტომ უნდა გაეცეს პასუხები იმ ხმამაღალ განცხადებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის კომიტეტში. ლაპარაკია საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, მის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. აქ ამაზეა ლაპარაკი. ცხადია, მე მზად ვარ, ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი“.

გიორგი ქადაგიძის თქმით, „თიბისის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები თავისი შინაარსით, მასშტაბითა და მასში ჩართული პირებით, საჭიროებს არგუმენტირებულ და მკაფიო პასუხებს.

გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ 7 მარტის გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოძიებას რეგულატორთან კითხვები არ აქვს:

„მზად ვარ დამატებით, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას, განსაკუთრებით თუკი ეს ეხება 2009-09 წლების მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში იმ პერიოდში შეიქმნა“.

როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რაკიღა საქმე ეხება 11 წლის წინანდელ ამბებს, მას საქმის კონკრეტული დეტალები არ ახსოვს, თუმცა, მისი მტკიცებით, ეროვნული ბანკისა თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყველა ქმედება იქნებოდა კანონის სრულ შესაბამისობაში:

სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის ან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში. ყველა საკითხზე სრულად ვარ პასუხისმგებელი მე. მე გამოვრიცხავ, რომ ზედამხედველებს რაიმე გამოჰპარვოდათ, გამოეჩინათ გულგრილობა ან რაიმე ფორმით არ გაეტარებინათ ის საზედამხედველო ქმედებები, რომელიც კანონით იყო გათვალისწინებული. ამას 100%-ით გამოვრიცხავ“.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, თუკი პროკურატურის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, „თიბისი“ ბანკის მიერ ფულის გათეთრების ნიშნები ძალიან რთულად დასანახია:

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, 2008 წლის ტრანზაქცია, რომლის გამოც გამოძიება მიმდინარეობს, თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა და რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა ბანკმა ამავე ტრანზაქციაში დაინახა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა და აქციონერთა კრებას მიმართა, სამეთვალყურეო საბჭოდან გაეწვია საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მოადგილე ბადრი ჯაფარიძე.