გოცირიძე: ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო

რომან გოცირიძე

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოში ყველა მიმართულებით მიდის დაშინების კამპანია.

გოცირიძის განცხადებით, მიდის გზავნილები ბიზნესისადმი და ყველა იმ სტრუქტურისა, თუ პიროვნებისადმი, რომლებიც შესაძლოა, გამოესარჩლონ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს.

„ქართული ბიზნესი არის დატერორებული. ნუთუ, საქართველოში არ არსებობს ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული მოვლენა, ეს არის ბიზნესის განადგურების მოვლენა და ზოგადად, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მოსპობა“ - უთხრა ჟურალისტებს რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამას ლაპარაკობს მხოლოდ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი ფადი ასლი, რადგან უცხოელია და ძნელად მოექცევა ხელისუფლების რეპრესიის ქვეშ.

„ყველა დანარჩენი ბიზნესი დაშინებულია. შეიძლება ვუთანაგრძნო მათ, შეიძლება მართლაც არ უნდათ საკუთარი ბიზნესის რისკის ქვეშ დაყენება“ - განაცხადა გოცირიძე. ამასთან, მან ბიზნესმენებს მოუწოდა გამოუცხადონ სოლიდარობა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, რომელთა მიმართ რეპრესიები უმძიმესად აისახება ქვეყნის ფინანსურ სისტემასა და ანაკლიის სტრატეგიული პროექტის განვითარებაზე.

„ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო და ხელისუფლებას მივმართავ, არ გინდათ ეხლა ეს ძალიან ზედმეტი თავისუფლება ბიზნესისა“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.