კობახიძე საჭიროდ არ თვლის "თიბისის საქმეზე" საგამოძიებო კომისიის შექმნას

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს.

„მოდით, ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის მცდელობა გადაიტანონ გარკვეულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივი ვცეთ სისტემას“ - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას, პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და ყველას ექნება დაკვირვების საშუალება.

„ვნახოთ, რა დასკვნებს დადებს სამართალდამცავი უწყება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ე.წ. მტკიცებულებას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილის შესახებ.

„შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, თუ სამართალი დარღვეულია, ვერც პოლიტიკა და ვერ ბიზნესი ინდულგენცია ვერავისთვის იქნება

ამ კვირაში, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება „თიბისი ბანკის“ და ანაკლიის პორტის საკითხებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად. ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რომ პარლამენტმა შეისწავლოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო ზეწოლა „თიბისი ბანკსა“ და ანაკლიის პროექტთან კავშირის მქონე პირებზე.