ფეისბუკის პირად გვერდზეპოსტს აქვეყნებს „ტვ პირველის“ ასპროცენტიანი წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელი.
მისი პოსტი პასუხია, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის ასლზე. პროკურატურამ გაასაჯაროვა, „თიბისი ბანკის“ დამფუძლებლის მამუკა ხაზარაძის მიმართ მუქარის წერილი, რომელიც თავად ხაზარაძის თქმით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო შს მინისტრის გიორგი გახარიასგან. წერილში საუბარია ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე.
ვახტანგ წერეთლის პოსტში ვკითხულობთ:
„გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპიდრნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.
PS ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“
პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის ასლის თანახმად „უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)" მამუკა ხაზარაძემ კი უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ასევე "ტელეკომპანია არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".
ტელეკომპანია "არტარეას" ასპროცენტიანი წილის მფლობელი "თიბისი ფონდია" და ის კულტურის სიახლეებს აშუქებს.
"ტვ პირველის" ასპროცენტიანი წილის მფლობელი კი მამუკა ხაზარაძის მიერ დიდი ხნის მეგობრად დასახელებული ბიზნესმენის ავთანდილ წერეთლის ვაჟი ვახტანგ წერეთელი.
მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ძალიან აფასებს“ ავთო წერეთელთან ურთიერთობას.
ორივე ბიზნესმენი ფიგურირებს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს შეეხება.17 მილიონი დოლარი, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე ჩაირიცხა 2007-2008 წლებში, სწორედ ავთო წერეთლის საკუთრება იყო.
პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ ავთო წერეთლის კომპანიებს „თიბისი ბანკში“გახსნილი ჰქონდათ 35 მილიონის ოდენობის საკრედიტო ხაზი, საიდანაც თანხის მიღება მარტივი პროცედურით - საკრედიტო ოფიცერთან ერთი სატელეფონო ზარით შეეძლოთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით ავთო წერეთლისგან ფულის სესხება დასჭირდათ ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, რისთვისაც მანამდე სხვადასხვა წყაროებიდან უკვე მოზიდული ჰქონდათ 80 მილიონი აშშ დოლარი. ის, რომ ავთო წერეთელისგან ნასესხები 17 მილიონი დოლარი "თიბისი ბანკიდან" იყო გამოტანილი, მამუკა ხაზარაძის თქმით მისთვის ცნობილი არ იყო.