ხატია ახალიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ, მის მიერ ჩაწერილი საგანმანათლებლო ვიდეოგაკვეთილების გამო მუქარის, ბულინგისა და კიბერშტევის მსხვერპლი გახდა, სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა განაახლა.
ახალი ვიდეო მენსტრუაციას ეძღვნება. ამ ვიდეოში ხატია გოგონებს უხსნის, რა არის მენსტრუალური ციკლის არსი და რატომ უნდა იცოდნენ მეტი რეპროდუქციულ ანატომიაზე.
ხატია გენდერის მკვლევარია და ის განათლებისა და შრომის ასოციაციაში მუშაობს. სწორედ ამ ორგანიზაციის ფეიბუკგვერდი და იქ განთავსებული ვიდეოები გახდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეტევის სამიზნე. ხატიას პირადადაც სწერდნენ და ემუქრებოდნენ, შეეწყვიტა ასეთი შინაარსის ვიდეოგაკვეთილების მომზადება.
ხატია რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც აცხადებდა, თუ რა აგრესიის მოგერიება მოუწია იმ ვიდეოების გამო, რომლის მიზანი სექსუალური განათლებაა.
ასევე ნახეთ მუქარა სექსუალურ განათლებაზე ვიდეოების გამოთავიდან დაწყება მარტივი არ იყო. როგორც ხატია ახალია გვეუბნება, ბევრი იფიქრეს:
„ვეცადეთ გაგვეანალიზებინა ვინ იყო ის „ძალა“ რომელთა გამოც სასწორზე უნდა დაგვედო ჩვენი საქმე. საქმე, რომელიც ჩვენი უმთავრესი ღირებულებაა და რომლის გარეშეც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე სიცოცხლე არ მინდა! არ ვგულისხმობ მხოლოდ სექსუალურ განათლებას, არამედ ქალთა და გოგონათა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მუშაობას, რომელიც ბევრად ფართო სპექტრია ვიდრე სექსუალური განათლება და მოიცავს მას“, - გვითხრა ხატიამ.
თუმცა დადებითმა დამოკიდებულებამ, წამახალისებელმა გამოხმაურებებმა გადაწონა და ხატია ვიდეოგაკვეტილებზე მუშაობას ისევ აგრძელებს. გეგმავს კვალიფიციური, გამოცდილებაზე დაფუძნებული ლიტერატურის შედგენას სკოლის მოსწავლეთათვის (12-17 წელი), რომელიც მოზარდს დროულ და საჭირო ინფორმაციას მიაწვდის სექსუალური განათლების საკითხებზე.
ამ საქმის გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დასჯილა. ხატია ახალია ფიქრობს, რომ პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, მუქარა კი მისი მისამართით არ შემწყდარა.