ათეულობით ადამიანი შეიკრიბა გვიან ღამით მოსკოვში, კრემლის მახლობლად მდებარე მოსკვორეცკის ხიდზე, სადაც 2015 წლის 27 თებერვალს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ცნობილი რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, მკვლელობის დროს, 23 საათსა და 31 წუთზე აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბორის ნემცოვის ხსოვნას.
დღის განმავლობაში ხიდზე ყვავილები მიიტანეს აშშ-ის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, შვედეთის, ლიეტუვის და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.
ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქშიც.
ნემცოვის მკვლელობის გამო 14-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი ხუთ პირს. ყველა მათგანი ჩეჩნეთის მკვიდრია. მათ ბრალი წაუყენეს ანგარებით მკვლელობისთვის.
ბორის ნემცოვის ოჯახი მიიჩნევს, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს.