კამპანიას „აიცილე მოსამართლე“ მოსამართლეები სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ

"სასამართლო სხდომებიდან 10 მოსამართლის აცილების კამპანიას სოციალურ ქსელებში მოსამართლეთა მუქარა მოჰყვა,"- ამბობს ადვოკატი სალომე აბუსლამიძე. „გუშინ გავრცელდა არაერთი პოსტი, სადაც ლაპარაკია, რომ ეს ადვოკატები გადავცეთ ეთიკის კომისიას, აცილებისთვის დავაჯარიმოთ 500 ლარით. ასეთი კომენტარები იყო,“- აღნიშნავს სალომე აბუსლამიძე.

მისი განმარტებით, ადვოკატები კამპანიის შეჩერებას არ აპირებენ და სავარაუდოდ, მოამზადებენ პეტიციას, რომლითაც 10 არასასურველი მოსამართლის პროცესებიდან აცილებას მოითხოვენ. კამპანიის მიზანი სასამართლოში კლანურ მმართველობასთან დაპირისპირება და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების სისტემიდან ჩამოცილებაა. პირველი კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძე“ ადვოკატმა გიგი სისვაძემ დაიწყო.

„მე ვთვლი, რომ ისევე როგორც მოსამართლეები, ადვოკატებიც ვართ მართლმსაჯულების ნაწილი. მე გამოვიწვიე ადვოკატები ამ კამპანიაში და უკვე ძალიან ბევრმაც მომწერა და კამპანიაში ჩაერთო. გვინდა, რომ პეტიციაც შევადგინოთ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიგი სისვაძემ

სალომე აბუსლამიძე კი ამბობს, რომ კამპანიაში ჩართვის მსურველი ადვოკატების რიცხვი იზრდება და გამოხმაურებას ელიან ადვოკატთა ასოციაციიდანაც.

ადვოკატები ითხოვენ პროცესებიდან აიცილონ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.