პარკირების საფასური თბილისში საათში 50 თეთრი იქნება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პარკირების საფასური თბილისში, სავარაუდოდ, საათში 50 თეთრი იქნება. გადასახადი, შესაძლოა, ქუჩების მიხედვით კიდევ გაიზარდოს.

თუ დასაქმებულს სამსახურთან შრომის კოდექსით დაწესებული 8 საათი უწევს ავტომობილის გაჩერება, ამ ტარიფით მას დღეში 4 ლარის გადახდა მოუწევს.

საათობრივი გადახდის წესი 1 ივლისიდან ამოქმედდება და კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩიდან დაიწყება.

„არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი ვერც მთელ თბილისში იმუშავებს, რადგან ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს. ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და დავაკვირდეთ. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ვიცე-მერის თქმით, პარკირების გადასახადის დაწესების მიზანი ის არის, რომ მძღოლმა მანქანა სახლთან დატოვოს და სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

მისივე სიტყვებით, ეს სისტემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლების პარალელურად უნდა შემოვიდეს.

ამ ეტაპზე არ განიხილება შეღავათის დაწესება იმ პირთათვის, ვინც დედაქალაქშია დასაქმებული და ავტომობილს სამუშაო ოფისთან აჩერებს.