გაერო: 13 ათასამდე გაიზარდა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

გაეროს მონაცემებით, 13 ათასამდე გაიზარდა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაიჭრა 30 ათასამდე ადამიანი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, მოკლულებს შორის არის 3300-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 298 ადამიანის ჩათვლით.

ნიდერლანდის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტამ და რომ „ბუკი“ რუსეთიდან იყო შეტანილი უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ „ბუკი“ ისევ რუსეთში გადავიდა.

რუსეთი უწევს სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას სეპარატისტებს, რომლებიც აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს.