ბადრი ჯაფარიძე: ფულის გათეთრების უსაფუძვლო საქმე ზიანს აყენებს ქვეყანასაც

ბადრი ჯაფარიძე

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრის თაობაზე პროკურატურის უსაფუძვლო განცხადებამ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ მთელ ქვეყანას.

„იმ ტრანზაქციებს, რომელზეც საუბარია, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან“ - უთხრა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომის შემდეგ. ჯაფარიძის თქმით, მსგავსი განცხადებები აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას.

ბადრი ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა შეუფერხებლად გააგრძელოს თავისი საქმიანობა და ყველა დაწყებული პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ვერ შეძლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით განეხილა „თიბისი ბანკის“ გარშემო ბოლო ხანს განვითარებული პროცესები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხდომის დახურვას ემხრობოდნენ იმ მოტივით, რომ საქმე ეხებოდა საფინანსო სექტორისთვის მგრძნობიარე და კომერციული საიდუმლოს შემცველ საკითხსაც, ოპოზიცია კი საზოგადოების საჯაროდ ინფორმირებას მოითხოვდა.

საბოლოოდ, სხდომა დასრულებულად გამოაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.