„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ გამარჯვებული 24 მარტს, ქალაქ დუბაიში გამოვლინდება.
ლადო აფხაზავა, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დუბაიში 20 მარტს გაემგზავრება.
დაჯილდოვების ცერემონიალს დუბაიში დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი:
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი ქვეყნის განათლების მინისტრი პირადად მიგულშემატკივრებს დაჯილდოვების ცერემონიალზე“, - ამბობს ლადო აფხაზავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
ლადო აფხაზავა დუბაიში, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასებს ჩაატარებს და პედაგოგებს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარ გამოცდილებას გააცნობს.
სოფელ ჩიბათის პედაგოგი „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დასახელდა.
ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდის სამეფოდან, ბრალიზიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.
„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელთაგან გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს.