თბილისი პრაიდს ოფიციალური ლოგო აქვს - კინტო ცისარტყელის ფონზე.
ეს ლოგო ლადო გუდიაშვილის ნახატის მოტივების მიხედვით შეიქმნა.
„ჩვენი კინტო არაბინარული, ქვიარ ადამიანია. თბილისის მრავალფეროვნებისა და ავთენტურობის სიმბოლო“, - ვკითხულობთ თბილისი პრაიდის ფეისბუკგვერდზე.
როგორც თბილისი პრაიდის დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ლოგოზე მუშაობისას სხვა ბევრი ვარიანტი განიხილეს, თუმცა, საბოლოოდ, კინტომ გაიმარჯვა:
„ძირითადად პრაიდის ლოგოები ქალაქის სიმბოლოებთან არის კავშირში. ვიფიქრეთ ანძაზე, ქართლის დედასა და მშვიდობის ხიდის კონცეფციებზე, თუმცა უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული ეს ობიექტები. საბოლოოდ, არჩევანი კინტოზე შევაჩერეთ. კინტო ჩვენთვის თბილისის მრავალფეროვნების სიმბოლოა და ვფიქრობთ, რომ კარგად ჩაჯდა პრაიდის კონცეფციაში“, - ამბობს გიორგი თაბაგარი.
ასევე ნახეთ ლგბტქი პრაიდი თბილისში - ტესტი პოლიციისთვის. აასრულებს თუ არა მუქარას „ქართული მარში“?თბილისი პრაიდი თბილისში, ივნისშია დაგეგმილი. კვირეულის ორგანიზატორები შსს-ში შეხვედრას და უსაფრთოების გარანტიებზე საუბარს უახლოეს დღეებში გეგმავენ.
პრაიდის მოწინააღმდეგე „ქართული მარში“ გეგმავს თბილისის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას, აცხადებს, რომ არ დაუშვებს პრაიდის ჩატარებას და თუ საჭირო გახდება, პოლიციასაც დაუპირისპირდება.