პროკურორ მიულერის ოფისი: მანაფორტი არ იმსახურებს სასჯელის შემსუბუქებას

საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისმა აშშ-ის მოსამართლეს აცნობა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რობერტ მანაფორტმა "რამდენჯერმე და ღიად" დაარღვია კანონი და არ იმსახურებს რაიმე ფორმით სასჯელის შემსუბუქებას.

ეს რეკომენდაცია გამოთქმულია საგანგებო პროკურორის წერილში, რომელიც 22 თებერვალს გამოიცა და 23-ში გავრცელდა საჯაროდ. წერილი ეხება მანაფორტის ორი საქმიდან მეორეს. მიულერი იძიებს რუსეთის როლს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და იმას, მოქმედებდა თუ არა ტრამპის საარჩევნო კამპანიის გუნდი მოსკოვთან შეთანხმებულად. ტრამპი უარყოფს ყველა ბრალდებას და კრემლიც უარყოფს არჩევნებში ჩარევას.

მიულერის გამოძიების და მასთან დაკავშირებული საქმეების ფარგლებში სულ მცირე 34-მა პირმა და სამმა უწყებამ აღიარა დანაშაული, ან ბრალდების ქვეშ მოხვდა. 69 წლის მანაფორტმა სექტემბერში, ვაშინგტონში, ფედერალური სასამართლოს წინაშე აღიარა მონაწილეობა აშშ-ის საწინააღმდეგო შეთქმულებაში.