მოლდავეთის პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას

მოლდავეთის პრეზიდენტ იგორ დოდონის აზრით, მისმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ახლო ურთიერთობა რუსეთთან, ევროკავშირის მომავლის გარშემო გაურკვევლობის ფონზე.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესთან“ ინტერვიუში, რომელიც 21 თებერვალს გამოქვეყნდა, დოდონი საუბრობს მოსკოვზე დამოკიდებულების შესახებ ენერგეტიკის სფეროში, ექსპორტის მიმართულებით და დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

ინტერვიუ წინ უსწრებს მოლდავეთში 24 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც, სავარაუდოდ, მოჰყვება პრომოსკოვური, ან პროდასავლური ორიენტაციის გაძლიერება.

ქვეყნის ხელმძღვანელობაში განხეთქილებაა, რადგან მმართველი დემოკრატიული პარტია პროევროპულ პოლიტიკას მისდევს მაშინ, როცა პრეზიდენტი, ძირითადად, მოსკოვზეა ორიენტირებული.

პრეზიდენტად არჩევამდე დოდონი იყო სოციალისტური პარტიის ლიდერი. ის მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტის ერთგულ მოკავშირედ.