საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო ოკუპირებულ ცხინვალში ერთი წლის წინ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და მის მშობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე იმსხვერპლა. სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართული სახელმწიფო დგას არჩილ ტატუნაშვილის მსგავს გმირებზე.
მამუკა ბახტაძის განცხადებითვე, სწორედ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მსგავს მძიმე დანაშაულთა გამო შეიქმნა „ოთხზორია-ტატუნაშვილის სია“ და მასში არიან ბრალდებული პირები, რომლებსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს საერთაშორისო სამართლით.
„ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს ეს სია. ვფიქრობ, 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმები,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ამ სასტიკ დანაშაულზე ქართული სახელმწიფო მართლმსაჯულებას აღასრულებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს
ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ მთავრობისგან მოითხოვს, უზრუნველყოს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების მოთხოვნებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამატება.“
2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე.“
ამ სიაში შეიყვანეს 33 პირი, რომლებიც მხილებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ მკვლელობაში, გატაცებასა, წამებაში და ამ დანაშაულთა დაფარვაში.