ყირიმი დღეს - დაპატიმრებები დილის 5 საათზე

თებერვალში ყირიმის ანექსიიდან 5 წელი შესრულდა. რა მდგომარეობაა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე? უკრაინელმა ექსპერტებმა დღეს ამ თემაზე რონდელის ფონდში ისაუბრეს.

დარწმუნებულები ვართ, 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას უფრო ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონოდა[რუსეთის შემოჭრაზე საქართველოში], რუსეთი ყირიმში შემოსვლას ვეღარ გაბედავდა. ძალიან მკაცრი სანქციებისა დაუშუალოდ პუტინის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულების გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება“, - ამბობს ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე ახტემ ჩიგოზი, რომელიც რონდელის ფონდის მოწვევით საქართველოში იმყოფება.

მრგვალი მაგიდა „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“ შეეხო იმ თემებსა და საფრთხეებს, რომლებიც უკრაინასა და საქართველოს საერთო აქვთ.

რა ხდება ყირიმში დღეს

ყირიმში ხუმრობენ, რომ ღამე კარის ღიად დატოვება ჯობს, რომ არ შემოამტვრიონ. ახტემ ჩიგოზი ჰყვება, რომ ოკუპანტებს - კერძოდ, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს - წესად აქვთ სახლებში დილის 5 სათზე შევარდნა და ხალხის დაპატიმრება. წაყვანამდე მათ სცემენ ბავშვებისა და მოხუცების თვალწინ.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1944 წლის მოვლენებს, როდესაც ქალებსა და ბავშვებს ვაგონებში ყრიდნენ და სამშობლოდან შორს, აზიაში ასახლებდნენ.

ტერორი მიმართულია იმისკენ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვოს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 5 000 ადამიანი წავიდა ყირიმიდან“, - ამბობს ჩიგოზი.

დემოგრაფიული მდგომარეობა ყირიმში მაინც იცვლება. შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთიდან ყირიმში, არაოფიციალურად, მილიონი ადამიანია გადმოსახლებული. თუმცა თავად რუსეთი მხოლოდ 300 000-ს ასახელებს. ჩნდება ახალი დასახლებები, სამხედრო ბაზები.

გატაცებული პირები

უფლებადამცველ აბდურეშიტ ჯეფაროვის შვილი და დისშვილი 2014 წელს პირდაპირ ქუჩიდან გაიტაცეს. შეხვედრაზე ჯეფაროვმა თქვა, რომ მათი ბედი დღემდე უცნობია და, საერთოდ,ადამიანების გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისეთივე ჩვეულებრივ ამბად ითვლება, როგორც პოლიტიკური პატიმრები, რომელთა რიცხვმაც 100-ს გადააჭარბა.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში 3 კაცი დააპატიმრეს, 21, 22 და 23 წლის ახალგაზრდები. როცა გაიტაცეს, ჩემი შვილიც 18 წლის იყო, დისშვილი კი 23-ის. ვეკითხები, ცოცხლები თუ არიან-მეთქი, და მხრებს იჩეჩავენ“, - ამბობს ჯეფაროვი.

ექსპერტების თქმით, გატაცებულთა რაოდენობა 40-ზე მეტია. რამდენიმე მათგანი მხეცურად მოკლული იპოვეს, დანარჩენების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.

რა ვუყოთ რუსეთს?

„რა შეგვიძლია? თუ პუტინის რეჟიმი არ შეჩერდა, ეს მუდმივად გაგრძელდება. ჩვენ საერთო ის გვაქვს, რომ ამ საფრთხეს თქვენც გრძნობთ. უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, მათ შორის ეკონომიკური სანქციები. აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა, ყირიმი - უკრაინა“, - ამბობს უკრაინის ელჩი საქართველოში იჰორ დოლჰოვი.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცდილობენ ყირიმში მოსახლეობა ადგილზე დარჩეს და ოკუპაციას სხვადასხვა მშვიდობიანი მეთოდებით შეეწინააღმდეგოს. ერთი ასეთი გზა არის არჩევნები, რისი მეშვეობითაც რუსეთს სურს ყირიმში ძალაუფლება გაიმყაროს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის 50-60 პროცესი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ დღეს რუსეთი ცდილობს საერთაშორისო შეხვედრებზე ყირიმის თემას თავი აარიდოს, მაგრამ, უკრაინის მთავრობის ძალისხმევით, ამ საკითხს მაინც განიხილავენ.

რა ვუყოთ რუსეთს? უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაციაზე მსჯელობისას ყველაზე ხშირად სწორედ ეს შეკითხვა დაისვა. რუსეთის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმირ ოგრიზკო ამბობს, რომ თავად სამ გამოსავალს ხედავს:

პირველი, დავეხმაროთ რუსეთის საზოგადოებას შეიცვალოს.

მეორე, სანქციები, რომლებიც მართლაც მტკივნეული იქნება.

მესამე, ამასთან, ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტური, - დავუცადოთ ახალ თაობას.