"თიბისი ბანკი" ეროვნული ბანკის მოთხოვნებს დათანხმდა

„თიბისი ბანკი“ დათანხმდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის შესახებ.

„გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილითიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს“ - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ჯარიმის სახით დაკისრებულ ერთ მილიონ ლარს.

„ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

10 წლისწინანდელ ტრანზაქციებს იძიებს პროკურატურა, რომელიც ხაზარაძის და ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს.