შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის დარბაზიდან სავარჯიშო ინვენტარის ქურდობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შეიტყო.
„სამართალდამცავები დარბაზში ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდნენ, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმე არ აღძრულა. ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა. არც კარი იყო გატეხილი. გასაღებით გაეღოთ და გაეტანათ ინვენტარი, რომელიც საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის კუთვნილებაა“ - გვითხრეს შსს-ში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა დღეს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დარბაზის კარი გატეხილი იყო, ინვენტარი კი მოპარული და როგორც მას აცნობეს, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი. გურჩიანისვე სიტყვებით, მოგვიანებით, მას უკვე აცნობეს, რომ ვიდეოკადრებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო.
კომენტარი სოსო ჯაჭვლიანმაც გააკეთა - თქვა, რომ ერეკლე გურჩიანის ბრალდება ცილისწამება იყო. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გენადი კვიკვინიას განცხადებით კი ინვენტარი ფედერაციის ბალანსზეა და საქართველოს ნაკრების წევრებმა გადაიტანეს ერთი დარბაზიდან მეორეში, ოღონდ კარი კი არ გაუტეხავთ, გასაღებით გააღეს.