ქუთაისის ცენტრალურ უბანში საჯარო სივრცეების შშმ პირებისთვის ადაპტირება იგეგმება.
ქუთაისის ცენტრში, იქ, სადაც ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობაა განთავსებული, მომავალი კვირიდან დაიწყება შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა და რუკაზე დატანა.
პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გარემოს ადაპტირებისათვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2019 წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ქუთაისის მერიის შენობის, შშმ პირების ხელმისაწვდომობისთვის სრული ადაპტაცია.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.