ეკა ბესელია: "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში უზუსტობებია

ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უარყოფს, რომ უმრავლესობასთან შეუთანხმებელი იყო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესაჩერებლად.

ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაში ეს და სხვა უზუსტობებია.

„პირველი - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს. ან ვერ თქვეს“ - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისი ინფორმაციით, მაშინ არავის უთქვამს, რომ იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ფორმულირებას, ეკა ბესელიას განცხადებით, ფორმულირების შეცვლა, ან დამატება პირველ მოსმენამდეც შესაძლებელია, ამიტომ თუ უმრავლესობა პრინციპს ეთანხმება, კონსტიტუციასთან შეუსაბამობა მხოლოდ საბაბია.

ბესელია არ ეთნხმება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ არგუმენტსაც, რომ არსებობს მოსამართლეთა შემცირების და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემის გამწვავების საფრთხე.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას წაუკითხა საბჭოს განცხადება, რომ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის ბოლომდე შეჩერების ინიციატივას

კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ უარი იმითაც ახსნა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა.