ომში მოხვედრილი ბავშვები: რა ვუყოთ მათ ამბებს?

მიგრანტთა და ლტოლვილთა თავშესაფარი ათენის სიახლოვეს, საბერძნეთში.

რა ხდება, როცა ომი შენს ბავშვობას ემთხვევა? ამ თემას ეხება სამი წიგნი: „უკანასკნელი მოწმეები“, „გამოსვლის წიგნი“ და „ზღვას ვევედრები“. დოკუმენტური ისტორიებიდან ჩანს, რომ ბავშვის რეაქცია ომზე ხშირად მოულოდნელი, უფრო მეტიც, წარმოუდგენელიც კია. მათ ეშინიათ, ტირიან და, ამავე დროს, ფიქრობენ, გეგმავენ, იბრძვიან და, არცთუ იშვიათად, გადარჩენასაც ახერხებენ.

„ყოველ დილას ისმოდა რკინის ურდულის ბრახუნი, შემოდიოდა მოღიმარი ოფიცერი და ლამაზი ქალი. ეს ქალი რუსულად გვეუბნებოდა:

- ვის გინდათ ფაფა, სწრაფად დაეწყვეთ მწკრივში ორ-ორად.

ბავშვები თავპირისმტვრევით მირბოდნენ, ფაფა ყველას უნდოდა... თავიდან მჯეროდა, პატარებთან ერთად მეც გავრბოდი, მაგრამ მერე დავეჭვდი, შევშინდი: რატომ არ ბრუნდებიან ისინი, ვინც ფაფის საჭმელად მიჰყავთ?“

მიზეზი მარტივი იყო: ბავშვებს ხოცავდნენ. ვალია კოჟანოვსკაია, რომელიც ამ ამბავს ჰყვება, საკონცენტრაციო ბანაკს ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ „ფაფაზე“ წასაყვანად მოსულებს კარს უკან ემალებოდა.

სვეტლანა ალექსიევიჩი

სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნში „უკანასკნელი მოწმეები“ იმ ადამიანების ისტორიებია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს პატარები იყვნენ. აქ არაფერია გამოგონილი, ამიტომ წაკითხული ორმაგად ძლიერია. ზოგადად, ალექსიევიჩს ახასიათებს იმ თემების წინ წამოწევა, რომლებიც თავის დროზე მიიჩქმალა. ასეთი არის წიგნი „ჩერნობილის ლოცვა“, რომლის გამოც მას ნობელის პრემია მიენიჭა, და ასეთია „უკანასკნელი მოწმეები“.

ბელარუსში გერმანული ჯარი ომის დაწყებისთანავე შევიდა. თვითმფრინავები მინსკს ბომბავდნენ. ბავშვის ფსიქიკისთვის არავის ეცალა.

ვანია ტიტოვი, 5 წლის: „სოფლის სასაფლაო დაბომბეს. ხალხმა იქ მიირბინა: მიცვალებულები ზევიდან ეყარნენ. ისე იწვნენ, თითქოს ხელახლა დაეხოცათ... ჩვენი პაპაც იწვა, რომელიც სულ ახლახან დავკრძალეთ. მიცვალებულებს ხელმეორედ მარხავდნენ“...

ლიუბა ალექსანდროვიჩი, 11 წლის: „გერმანელებმა ყველა ბავშვი შეგვკრიბეს - ცამეტნი ვიყავით - და თავიანთი კოლონის წინ ამოგვიყენეს: პარტიზანთა ნაღმებისა ეშინოდათ. ჩვენ წინ მივაბიჯებდით, ისინი კი უკან მოგვყვებოდნენ მანქანებით“.

ქვეყანა ლტოლვილებით გაივსო. გარბოდნენ ქალაქიდან, სოფლებიდან, ზოგი ფეხით, ზოგი მატარებლით. გზებიც და მატარებლებიც იბომბებოდა.

ბავშვები და მშობლები ხშირად გზაში კარგავდნენ ერთმანეთს, ან კიდევ უარესი - დედას კლავდნენ.

ჟენია ბალკევიჩი, 6 წლის: დედის საფლავის ბორცვთან დაღამებამდე ვისხედით, ვიდრე არ აგვიყვანეს და რაღაც დიდ საზიდარზე არ შემოგვსხეს. საზიდარი ბავშვებით იყო სავსე. ვიღაც მოხუცი მართავდა, ბავშვებს გზადაგზა კრეფდა“.

ბევრმა დაკარგა მეხსიერება.

ლენა კრავჩენკო, 7 წლის: „ომის დამთავრებიდან 25 წლის შემდეგ დეიდა ვიპოვე. მან ჩემი ნამდვილი სახელი მითხრა“.

შიმშილობდნენ.

ხარშავდნენ ტყავის ნივთებს, ტყავკაბას, მათრახებს... ყარაულობდნენ თაგვებს სოროსთან. ჭამდნენ ყლორტებს, თავთავს... სხვა გზა რომ არ იყო, ბავშვთა სახლში აღმზრდელებმა ბავშვების საყვარელი ცხენი, მაიკა, დაკლეს.

ზინა კოსიაკი, 8 წლის: „ცოტაოდენ წვენს და ამ მაიკას სულ ციცქნა ნაჭერს გვიდებდნენ... მაგრამ ამას კარგა ხანს გვიმალავდნენ. ვერ შევჭამდით... ვერაფრით! ეს ერთი ცხენი გვყავდა ბავშვთა სახლში და ორი დამშეული კატა. ცარიელა ჩონჩხები! კარგია, რომ ეს კატები ასეთი გაძვალტყავებულები არიან, მათი ჭამა არ მოგვიწევსო, ვფიქრობდით მოგვიანებით“.

გერმანელები ლამაზები იყვნენ.

ამას ბევრი ბავშვი აღნიშნავს. უკვირდათ, როგორ შეეძლოთ ასეთ ახალგაზრდა სიმპათიურ ბიჭებს ხალხის ხოცვა. 14 წლის ვერა ჟდანი, რომელიც აიძულეს მამა და ძმა გაღიმებულს დაემარხა, ამბობს: „ყველა ახალგაზრდა, ეშხიანი კაცები... მკვდრებზე მეტად მათი შემეშინდა. მას მერე ახალგაზრდა მამაკაცებისა მეშინია. არ გავთხოვილვარ. სიყვარული არ გამომიცდია, მეშინოდა, ვაითუ, ბიჭი გამიჩნდეს-მეთქი“.

ბავშვებმა ზრდა შეწყვიტეს.

საყოველთაო შიმშილობის ფონზე ეს, ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო. ამასთან, მათ, ვინც საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, გამუდმებით უღებდნენ სისხლს დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცებისთვის. ბევრი გარდაიცვალა, მაგრამ ვინც გადარჩა, ამბობს, რომ ყველაზე ძნელი მაინც უდედობა იყო და არ იზრდებოდნენ იმიტომ, რომ მათ არავინ ეფერებოდა.

პოლია პაშკევიჩი, 4 წლის: „ძალიან გვშურდა მათი, ვისაც მშობლები პოულობდნენ. ეს ბავშვები თავიანთ დედ-მამასთან ახლოს არ გვიშვებდნენ - არ მიეკარო, ეს ჩემი დედიკოაო.

ბავშვები გადარჩნენ.

11 წლის ედუარდ ვოროშილოვი ქუჩაში ებრაელ კიმს დაუმეგობრდა. ორივე უპატრონო იყო, ნაცნობის მიტოვებულ ბინაში ცხოვრობდნენ. მცირეოდენი გასამრჯელოს ფასად ციგით ტვირთი გადაჰქონდათ. ქუჩაში უფრო დიდი ბიჭისგან ფეხსაცმელების წმენდა ისწავლეს. საღებავისთვის ნახანძრალ ქალაქში ჭვარტლს აგროვებდნენ და ზეთში ურევდნენ. როცა ედუარდი ომის შემდეგ დედას შეხვდა, ქალი ვერ იჯერებდა, რომ მისი შვილი ცოცხალი გადარჩა.

ვასია საგალოვი 6 წლის წავიდა ომში. ორ მეგობართან ერთად ჯარისკაცებს გერმანიამდე ჩაჰყვა და უკან სამი მედლით დაბრუნდა. შემდეგ სკოლაშიც ამ მედლებით იჯდა, ფრონტის მეგობრები ერთ კლასში იყვნენ.

„შემოდის მასწავლებელი, მთელი კლასი ფეხზე დგება, ჩვენ ვსხედვართ.

- რატომ სხედხართ?

- პასუხს არ გაგცემთ. ჩვენ მხოლოდ მეთაურს ვემორჩილებით“.

კიმა მურზიჩი, 12 წლის: „ომი რომ დასრულდა, დედამ ყველგან დაგზავნა წერილები, ყველგან ეძებდა რემას. მაშინ იყო „მისამართების მაგიდა“. იქ მუდამ უამრავი ხალხი იდგა რიგში, ახლობლებს ეძებდნენ... ერთხელ დედა სამსახურიდან დაბრუნდა. მეზობელი ქალი შემოდის. დედას ეუბნება „იცეკვეთ“! ზურგს უკან რაღაც უჭირავს. დედა მიხვდა, წერილია. არ უცეკვია. დაჯდა და არ იძვროდა. ხმასაც კი ვერ იღებდა“.

„ზღვას ვევედრები“

ხალიდ ჰოსეინის ამ წიგნში ალან ქურდი ნახსენები არ არის, მაგრამ წიგნი მაინც მასზეა. ალანი ის პატარა ბიჭია, ხმელთაშუა ზღვამ ნაპირზე მკვდარი რომ გამორიყა. ბავშვი ოჯახთან ერთად ევროპაში გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ნავი გადაუბრუნდათ. ამ შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში ზღვაში კიდევ 4 176 ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა. ყველა უსაფრთხო ქვეყნამდე მიღწევას ცდილობდა.

„ამ ვარსკვლავებით გაბრწყინებული ცის ქვეშ მეტს ვეღარაფერს ვფიქრობ - რა ღრმაა ზღვა, რა უსაშველოდ დიდი და რა გულგრილი. მე უძლური ვარ, ვერ გიცავ ზღვისგან. მხოლოდ ვლოცულობ. ცას ვევედრები, რომ ხვალ ნათელი იყოს; ზღვას ვევედრები, რომ არ გაბოროტდეს; ღმერთს ვევედრები, რომ ნავი მართოს...“ - ციტატა წიგნიდან.

ეს წიგნი მცირე ტექსტით და მდიდარი ილუსტრაციებით უფრო პერფორმანსია, ვიდრე ნაწარმოები, და ეძღვნება მათ, ვინც ნაპირამდე ვერ მიაღწია.

„გამოსვლის წიგნი“

ირაკლი კაკაბაძის „გამოსვლის წიგნი“ პირველ პირშია დაწერილი. აფხაზეთში, „განთიადში“, ბებია-ბაბუასთან ბავშვი ჩარჩა და სანამ მათ სოფელსაც ააოხრებენ, როგორმე სამშვიდობოს უნდა გაიყვანონ.

სწორედ აქ იწყება „გამოსვლა“, ერთმანეთზე გადაბმული ძველი და ახალი ამბებით, დასამარხი თუ უკვე დამარხული მკვდრებით, ზღვით, რომელშიც უამრავი ძაღლის ლეშია. ძაღლები პატრონებს გაედევნენ, როცა ისინი გემებით ტოვებდნენ აფხაზეთს.

აქაც ბევრი სხვადასხვა ადამიანის ბედი ჩანს, ჩვეულებრივი ამბები, დრამები, ტრაგედიები... წიგნის ბოლოს კი რჩება კითხვა - რა ვუყო ყველაფერ ამას მე, მკითხველმა? ბავშვი, მართალია, საბოლოოდ სამშვიდობოს გამოდის, მაგრამ რეალურად არსებობს კი ომიდან გამოსასვლელი?

სამივე წიგნის ავტორი თითქოსდა ამას ამბობს: ეს მოხდა, მე ამ ამბავთან მარტო ვერ დავრჩებოდი, მოვყევი და ახლა ყველამ ერთად ვიფიქროთ.