მამუკა ხაზარაძემ კატეგორიულად უარყო ფულის გათეთრების საქმეში მონაწილეობა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს ვაცნობოთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ერთიანი ძლიერი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური გეგმების მისაღწევად“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 18 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დაარსების დღიდან მისი მთავარი ღირებულებებია გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება.

ხაზარაძის განცხადებით, ბანკმა გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება და ახლა მართლმსაჯულების მოლოდინშია. თუმცა მიუხედავად ამისა, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, მისი გუნდი მზადაა, ეროვნულ ბანკთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს გამოსავლის ძიება რომ თავიდან იქნეს აცილებული ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად, ეკონომიკაზე.

მამუკა ხაზარაძემ კატეგორიულად უარყო ფულის გათეთრების საქმეში მისი მონაწილეობა და განაცხადა:

„ჩვენ ყველა შესაბამის ორგანოს გადავეცით ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებს ამ საქმეში დანაშაულის არარსებობას. ასევე, ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომლის თანახმად, ამ ტრანზაქციებს კავშირი არა აქვს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთა კონფლიქტის მაშინელი ნორმების დარღვევასთან.

„მზად ვართ ეს დასკვნაც და 2007-2008 წლების ამ კონკრეტული ტრანზაქციების დოკუმენტაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს - პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ დიპლომატიუს კორპუსს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.