როგორც ბათუმში გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ინვესტიციის მოზიდვისა და განვითარების სახელით ბათუმის ნგრევა მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რა დაინგრეს და რა აშენდეს ბათუმში. აგრეთვე ძველი ბათუმის დამცავი ზონის დამტკიცებას, რომელიც "გეოგრაფიკმა" სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა. ბათუმელების ნაწილი მოითხოვს აგრეთვე, ხელისუფლებამ გადაიფიქროს განზრახვა, ბათუმი "რივიერაზე" ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ, რომლითაც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფია" დაინტერესებული. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ქალაქის მერს არ გასცეს ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გარეშე. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ რომ ბათუმის დამცველები გაერთიანდნენ და გამართავენ პერმანენტულ აქციებს, ვიდრე ადგილობრივი ხელისულება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.