რუსული სპორტული გამოცემის „სოვიეტსკი სპორტის“ კითხვას, რა უნდა გააკეთოს რუსეთის რაგბის კავშირმა, რომ საწყის ეტაპზე გაუთანაბრდეს, მაგალითად, საქართველოს, - რუსეთის რაგბის განვითარების კომიტეტის წევრმა დმიტრი მოროზოვმა ასე უპასუხა:
„საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ უნდა დავეტოლოთ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთი აფრიკის ნაკრებებს. სასაცილოა ჩვენი შედარება საქართველოსთან. არ ვიცი, საიდან მოდის ეს. ალბათ იქიდან, რომ ჩვენი კოლეგები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ლაპარაკობენ რუსულ ენაზე. რა თქმა უნდა, ქართველებმა ბევრად ადრე დაიწყეს დროისა და ყურადღების დათმობა რაგბისათვის. ამიტომაც გაგვასწრეს მცირედით“.
დმიტრი მოროზოვის თქმით, რუსული რაგბის მესვეურებმა უნდა გაიაზრონ, რომ თამაში ფანტასტიკურად შეიცვალა:
„ის მეთოდები და ილეთები, რაც იყო 10-15 წლის წინ და რომელსაც ეთაყვანება დღევანდელი სამწვრთნელო შემადგენლობა - არავის სჭირდება. ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში. უპირველესად საჭიროა სამწვრთნელო შემადგენლობის მოზიდვა. რაგბი-15-ს თავკაცობს ინგლისელი ლინ ჯონსი, სულ ახლახანს რაგბი-7-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვაისალე სერევი - მსოფლიო კლასის მოთამაშე. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს წარმოდგენილი, რომ მსოფლიო დონეზე გასასვლელად საჭიროა დრო. გუნდს ჯერ ვერ მოვთხოვთ გამარჯვებებს“.
რუსეთის რაგბის განვითარების კომიტეტის წევრი დმიტრი მოროზოვი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსულ რაგბის რომ ჰქონდეს იმის მეათედი თანხა, რაც რუსეთში ფეხბურთზე იხარჯება, ეფექტი არანაკლები იქნებოდა.
საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 17 მარტს, რუსეთში დაუპირისპირდებიან ევროპის ჩემპინატის ფარგლებში.
აქამდე გამართულ 20 შეხვედრაში საქართველომ მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო და ერთიც ფრედ დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპინატის (ერთა თასის) ათგზის გამარჯვებულია.