ილიაუნის პროფესორები: პროცესები მიმართულია ავტონომიის ხელყოფისკენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები შიმშილობასთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესების რადიკალიზაცია ბიზნესის კოლის ყოფილი დეკანის, გიორგი ქადაგიძის ქმედებებით არის განპირობებული.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილს იმის თაობაზე, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა ასეთი რადიკალური სახე მიიღო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სათავე დაუდო ბატონი გიორგი ქადაგიძის მიერ ულტიმატუმების ენით საუბარმა.

ჩვენთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი მიზნით ახალგაზრდების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე პროფესორი აწერს ხელს.

პროფესორები სტუდენტებს სთავაზობენ, რომ შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან, „რათა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მიიჩნევენ, რომ პროცესების რადიკალიზაცია მიმართულია „უნივერსიტეტის თავისუფალი და პლურალური სივრცის, მისი ავტონომიის ხელყოფისკენ და აფერხებს ინსტიტუციური განვითარების პროცესებს“.