გიგი უგულავა K2-ის აკრძალვაზე: გადაწყვეტილება პოპულისტურია და უსამართლო

თბილისის მერის გადაწყვეტილებას - აიკრძალოს K2 კოეფიციენტით მანიპულაციები და თბილისში, დასაშვებზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცეს, “პოპულისტურია და უსამართლო“ უწოდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისი ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ.

„კალაძეს, შესაძლოა, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. ვინც ამ სფეროს სპეციფიკა იცის, ყველა დამეთანხმება, რომ გენგეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში კორექტივებს საჭიროებს, ამიტომ თუ კომისიას არ ენდობი, ჯობია კომისია გააძლიერო, ის გახადო უფრო გამჭვირვალე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას სიტყვებით, არც „პანორამა თბილისი“ და „არქი ჯგუფი“ უნდა დავივიწყოთ, რომელთანაც, გიგი უგულავას თქმით, ახლო კონტაქტშია ეჭვმიტანილი ქალაქის დღევანდელი მერი. უგულავა კალაძეს მოუწოდებს, გაასაჯაროვოს მისი მერობის პერიოდში გაცემული შესაბამისი ნებართვების რაოდენობა.

„სამართლიანობა მოითხოვს, გაირკვეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვისზეა გაცემული K2-ის შეცვლილი კოეფიციენტი. თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას და საბოლო ჯამში დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს საერთოდ ამ სფეროს,” - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერმა 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა.