თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლითაც მას და მის მოადგილეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერდა.
"მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა" - ნათქვამია განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტილებას ანაკლიის პროექტს უკავშირებს და წერს, რომ არ შეეგუება მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად. ამავე განცხადებით, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციონერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.