„თიბისი ბანკი“ აპირებს გააგრძელოს სასამართლო დავა 2007-2008 წელს შესრულებულ იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც კანონმდებლობის დარღვევა. განცხადება ამის თაობაზე „თიბისიმ“ 14 თებერვალს გამოაქვეყნა.
„თიბისი ბანკმა“ 14 თებერვალს მიიღო ეროვნული ბანკის წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
მოთხოვნა უკავშირდება სწორედ 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც „ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა“.
„თიბისი ბანკი“ იუწყება, რომ „აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე” და „ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკი“ გააგრძელებს სამართლებრივ დავას და „გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად“.
ბანკის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურის განმარტებით, 2008 წლის აპრილ-მაისში კომპანიების შპს „სამგორი M“-ისა და „სამგორი თრეიდის“ მიერ „თიბისი ბანკისგან“ აღებული სესხი (17 მილიონი დოლარი) იმავე დღეს სესხის სახით გაიცა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.
პროკურატურა იტყობინება, რომ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა არც „სამგორი M“-ისა და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ, ხოლო შემდეგ ისინი ჩანაცვლდნენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ და დღემდე ეს თანხა არ არის ანაზღაურებული „თიბისი ბანკისთვის“.