აშშ-ის კონგრესი 14 თებერვლის საღამოს კენჭს უყრის გეგმას მორიგი „შათდაუნის“, ანუ სამთავრობო უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად. კენჭისყრა სულ რამდენიმე საათით უსწრებს წინ მთავრობის დროებითი დაფინანსებისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვას.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ განაცხადა, რომ არ მოსწონს ორივე პარტიის წარმომადგენელი კანონმდებლების მიერ მომზადებული გეგმა, მაგრამ 13 თებერვალს თქვა, რომ შესაძლოა 15 თებერვალს ხელი მოაწეროს ზომების პაკეტს, თუ მას კონგრესი დაამტკიცებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იქნება გათვალისწინებული მექსიკასთან საზღვრის ასაშენებელი ფული, რომლის გამოყოფასაც პრეზიდენტი მოითხოვს.
„შათდაუნი“ საშინელება იქნებოდაო, თქვა ტრამპმა 13 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას.
იანვრის ბოლოს ტრამპმა ხელი მოაწერა მოკლვადიანი დაფინანსების კანონს, რათა ბოლო მოღებოდა სამთავრობო უწყებების ნაწილის პარალიზებას. ამ კანონის მოქმედების ვადა 15 თებერვალს ამოიწურება.
ნაწილობრივი „შათდაუნი“ ამერიკის ისტორიაში სარეკორდო 35 დღე გაგრძელდა. მისი მიზეზი გახდა კონგრესმენი დემოკრატების უარი მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის დაფინანსებაზე. ტრამპი კედლის აშენებას მოითხოვს უკანონო იმიგრანტებისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის შესაჩერებლად.