"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მეტმა მგზავრმა ვილნიუსისკენ აიღო გეზი. ლიეტუვის დედაქალაქი პირველ ადგილს იკავებს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულში.
ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მონაცემებით, TOP-5 ასეთია:
1. ვილნიუსი
2. ვარშავა
3. დორტმუნდი/კატოვიცე
4. ბერლინი
5. მემინგენი
2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5%-ით მეტია. მგზავრთა 95%-მა (587,643 მგზავრი) ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის, „ვიზეარის“ (Wiz Air) სერვისით ისარგებლა. 2018 წელს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი სწორედ Wiz Air-ი გახდა.
ევროპის აეროპორტებს შორის ქუთაისი ლიდერობს მგზავრთა ნაკადის ზრდის თვალსაზრისით. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) მონაცემებით, მგზავრთა ნაკადის 52.5%-იანი ზრდა საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთა ნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 1 აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს Wizz air-ის მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდი (AIRBUS A 320). ის რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენისა და ბარის მიმართულებით შეასრულებს.