გიორგი ქადაგიძე: მთელი ბიზნესის სკოლა გააუქმეს ერთი ადამიანის მოსაშორებლად

გიორგი ქადაგიძე

„მე ვარ წინააღმდეგი გაუმჭვირვალობის, იმ პროფესორების, რომლებიც არ ატარებენ ლექციებს და არ დაადიან უნივერსიტეტში, მაგრამ მაინც ფინანსდებიან უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. მე ვარ წინააღმდეგი ნაცნობობის და ნეპოტიზმის. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ფინანსების გამჭვირვალობას“, - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სტუდენტურ პროტესტზე უფრო ძლიერი იარაღი არ არსებობს, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ მუხტს შეაჩერებს. მაგრამ ის ბრძოლას გააგრძელებს უნივერსიტეტის პროფესორის ველში, სტუდენტური პროტესტის მხარდაჭერის ფონზე.

„ფაქტია, რომ მთელი ბიზნესის სკოლა დახურეს ერთი ადამიანის გამო“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. მისი სიტყებით, მისი საბოლოო მიზანი ხარისხიანი განათლების სისტემის მიღწევაა. ხოლო პროტესტი, რომელიც, მისი სიტყვებით, სტუდენტებმა ილიაუნიდან დაიწყეს, აისბერგის მწევრალია, რომელიც გადამდები იქნება სხვა უნივერსიტეტებისთვის განათლებაში რადიკალური რეფორმებისთვის.

„ეს ველი ჩემთვის ძალიან ახალია. მეგაფონიც კი პირველად დავიჭირე. და სამწუხაროა, რომ ამ ფორმატში გადავიდა ეს პროცესი, თუმცა, იმედი მაქვს ყველაფერი საღი აზრის გამარჯვებით დასრულდება“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ და ისიც შენიშნა, რომ მთელ ამ პროცესში არ არსებობს პირადი კონფლიქტი მას და ილიაუნის რექტორს, გიგა ზედანიას შორის.

ამ წუთებში ის ილიაუნის სტუდენტებს და პროფესორებს ხვდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.