სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი

ამ კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ვიზიტი 17-19 თებერვალს შედგება.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სენატის პრეზიდენტს, იუნესკოს გენერალურ მდივანს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და სტუდენტებს.

პრესსპიკერის ინფორმაციით, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაც საფრანგეთის პირველ ლედისთან, ბრიჯიტ მაკრონსა და ქალ ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი ინტერვიუს მისცემს „ლე მონდ“-ს, „ფრანს 24“-ს და სხვა მედიასაშუალებებს.

საფრანგეთიდან სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ბერლინში 20-21 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დღის წესრიგი ჯერ კიდევ შეთანხმების ეტაპზეა, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს.