საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება თბილისში განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა. მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებთან მიმართებით" - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ეუთოს თავჯდომარის თქმით, ყველა არსებული პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული დიალოგის და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა სასიკეთოდ. მიროსლავ ლაიჩაკის ინფორმაციით, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განსაზღვრეს სფეროები, სადაც საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება.
ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს 10 თებერვალს ეწვია. იმავე დღეს მიროსლავ ლაიჩაკი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
ეუთოს მისიამ, რომელიც 90-იანი წლებიდან აკვირდებოდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებდა, რუსეთის ვეტოს გამო მუშაობა 2009 წლის ივნისიდან შეწყვიტა.