ირაკლი კობახიძეს აინტერესებს რას გამოიწვევს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივის მხარდაჭერა გაუჭირდება, თუ ის შეუძლებელს გახდის სასამართლოს მუშაობას.

ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიღრმეში უნდა ჩაიხედონ და გაარკვიონ, რას გამოიწვევს კანონპროექტის ამოქმედება.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში მდგომარეობს იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში, თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, რთული იქნება მისი მხარდაჭერა“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ყველაფრის განხილვის შემდეგ, კოლეგებთან ერთად მიიღებენ.

შეკითხვას, ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ თვითონ გუნდის ლიდერის მხარეს არის, დანარჩენს კი ადრესატები იტყვიან.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღეს უნდა წარედგინოს დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილება, რომლის თანახმად, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

ინიციატორთა პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და ამის შედეგად სასამართლო სისტემაში უნდა დაინიშნონ ახალი მოსამართლეები.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.